пятница, 21 августа 2020 г.

ქალი სამხრეთ კავკასიის კულტურაში: საქართველო

 

ქალი სამხრეთ კავკასიის კულტურაში: საქართველო

ქართული ოჯახი ზოგად კავკასიური ოჯახის ტიპს წარმოადგენს. ამიტომ ქართულ ოჯახში მისი წევრების უფლება-მოვალეობები სხვა კავკასიურ ოჯახებში არსებული უფლებრივი სისტემების მსგავსია.
საქართველოში, ისევე, როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანში მოქმედებდა ოჯახის წევრებს შორის უფროს-უმცროსობის იერარქიული ინსტიტუტი, „უფროსი ქალის“ ინსტიტუტი, „უმძრახობისა“ და „განრიდების“ წესები. უფროს ქალს, ჩვეულებრივ, უფროსი დედა ანუ დედამთილი წარმოადგენდა. მისი ფუნქციები იყო ოჯახის ტრადიციების დაცვა და, აგრეთვე, შენახვა და გადაცემა ახალი თაობებისათვის, სურსათ-სანოვაგის განაწილება დიდი ოჯახის შემადგენელი პატარ-პატარა ოჯახებისათვის სულადობისა და პატარა ბავშვების რაოდენების მიხედვით.
ქალს, ფეოდალურ საქართველოში, ისევე, როგორც სხვა კავკასიურ კულტურებში, მემკვიდრეობა არ ეკუთვნოდა. უმეტეს შემთხვევაში მის ქონებას შეადგენდა მზითვი, რომელიც ჩვეულებრივ, ლოგინის თეთრეულისგან, ტანსაცმლისგან, ჭურჭელისგან და პირუტყვისგან შედგებოდა. მთაში ქალს მხოლოდ საკუთარი ტანსაცმლსა და ხელსაქმის ყუთს ატანდნენ მზითვში. პატარძლის საქორწილო ტანსაცმელზე ზრუნვა სასიძოს მოვალეობა იყო. სასიძოს მხარეს უნდა ეზრუნა, აგრეთვე, პატარძლის ჩაცმაზე ქორწილი დღეს.
საქორწინო წეს-ჩვეულებები 
საქართველოში გავრცელებული გენდერული ურთიერთობების შესახებ მეტად საინტერესო მასალებს გვაწვდის საქორწინო წეს-ჩვეულებების ანალიზი. საქორწინო წეს-ჩვეულებები საქართველოში სამი ძირითადი ეტაპისგან შედგება. ესაა წინასაქორწინო პერიოდი, თვითონ ქორწილი და ქორწილის შემდგომი პერიოდი.
ქორწინების რიტუალი ძირითადად ხუთ ციკლს შეიცავდა: ქალის შერთვის საშუალებები (დანიშვნა), ნიშნობა, პერიოდი ნიშნობიდან ქორწილამდე, ქორწილი და ქორწილის შემდგომი პერიოდი.
საქართველოში ნათესავთა შორის ეგზოგამია დაცულია მანამ, სანამ ნათესაობა შთამომავალთა მეხსიერებაში არის შენახული. ამასთან ეგზოგამია დაცულია იყო არ მხოლოდ ნათესავთა შორის, არამედ ერთი სოფლის ან ერთი თემის შიგნითაც, რომელთა მკვიდრნიც ერთი სალოცავის (ხატის) მფარველობის ქვეშ იმყოფებოდნენ (მაგალითად, მთაში). ქორწინება იკრძალებოდა, აგრეთვე, მოსისხლე გვარებს შორისაც, იმის შემდეგაც კი, როცა გვარები შერიგდებოდნენ. აკრძალვა ძალაში იყო მანამ, სანამ ეს შთამომავალთა მესხიერებაში არსებობდა. ვაჟიშვილისათვის მეუღლის არჩევა მშობლების მოვალეობას და უფლებას წარმოადგენდა.
დასაქორწინებელი წყვილის შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა საპატარძლოს დედის, როგორც დიასახლისის რეპუტაციას, რადგან ითვლებოდა, რომ ქალი არა მხოლოდ სწავლობდა დედისაგან დიასახლისობას, არამედ მემკვიდრეობით იღებდა მისგან პიროვნულ ნიშან-თვისებებსაც. ვაჟის შემთხვევაში, ასევე, არკვევდნენ მის და მისი წინაპრების ფიზიკურ და გონებრივ სიჯანსაღეს, საოჯახო და სამეურნეო საქმიანობის გაძღოლის უნარს, ზნეობას და სხვ.
დანიშვნა (დაწინდვა)
საქართველოში არსებობდა ქალის დანიშვნის სხვადასხვა წესები: დაბადებამდე დანიშვნა, აკვანში დანიშვნა, «ხელის დაკვრით» დანიშვნა და სხვ. განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალცალკე:
საქართველოს ზოგიერთ კუთხეში გავრცელებული იყო ბავშვის დაბადებამდე დანიშვნის წესი. დანათესავების მიზნით, ოჯახები თანხმდებოდნენ მომავალი შვილების ქორწინების შესახებ. საქართველოში გავრცელებული იყო აკვანში დანიშვნის წესიც. ამ წესის მიხედვითაც, ბავშვების მომავალი ბედი წყდებოდა მშობლების შეთანხმების საფუძველზე.
ამ შემთხვევაში აკვანში მწოლიარე დანიშნულ გოგოს მიუტანდნენ ხოლმე საჩუქარს (თავშალს, ბეჭედს), ხოლო მის ოჯახს ძღვენს პურის, საკლავის, სასმელის და სხვა სახით. სამკაულს აკვანზე კიდებდნენ და ეს იყო მომავალი ქალიშვილის დანიშვნის ნიშანი. ისევე როგორც პირველ შემთხვევაში, აკვანში დანიშვნის დროსაც, დანიშნული ვაჟის მშობლები მოვალენი იყვნენ ქორწინების ასაკის დადგომამდე გარკვეული პერიოდულობით (მაგალითად, წელიწადში ერთხელ) ქალიშვილის ოჯახში საჩუქრები მიეტანათ. შესაძლებელი იყო ზრდასრულობისას ქალიშვილს უარი ეთქვა ქორწინებაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში მის ოჯახს ე.წ. „დანახარჯი“ უნდა აენაზრაურებინა ვაჟიშვილის ოჯახისათვის. ამგვარად, დანიშვნის ეს წესები, თვალნათლივ გვიჩვენებენ ქალის უუფლებობას ფეოდალურ საქართველოში.
საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში არსებობდა დანიშვნის სხვა სახეებიც. მეტად საინტერესოა ქალის დანიშვნის წესი, რომელიც ძირითადად ხევსურეთში და აფხაზეთში გვხვდება და რომელსაც „ხელის დაკვრით“ დანიშვნა ეწოდება. ასეთი წესით დანიშვნა შეიძლება მომხდარიყო თავშეყრის ადგილებში. ეს რიტუალი შემდეგში მდგომარეობდა. ქალს ვაჟის მამა, ბიძა ან სხვა მამრობითი სქესის ახლო ნათესავი მხარზე ხელს დაკრავდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქალი „ხელდაკრულია“, „ხელმოკიდებულია“ და მას სხვაგან გათხოვწების უფლება აღარ ჰქონდა.
საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში არსებობდა ქალის დანიშვნის სხვა წესიც. იგი ქალის ნივთებით დანიშვნის წესის სახელითაა ცნობილი. ოჯახში მოსული სტუმარი (მამაკაცი) ოჯახში ტოვებდა რაიმე ნივთს (სათუთუნეს, მათრახს, ფულს და ა.შ.), რაც იმის ნიშანი იყო, რომ სტუმარს ამ ოჯახში ქალიშვილი მოეწონა საცოლედ ან სარძლოდ. ამ დროს მასპინძელი არავითარ შემთხვევაში არ იფიქრებდა, რომ ეს შემთხვევით მოხდა. ორი დღის შემდეგ, ქალიშვილის ოჯახს უგზავნიდნენ შუამავლებს. ასეთი წესით ქალის დანიშვნის შემდეგ ქორწილზე უარის თქმა დიდ შეურაცყოფად ითვლებოდა.
არსებობდა ქალის დანიშვნის კიდევ სხვა წესებიც, მაგალითად, ცეკვის დროს ქუდის სროლის წესი.  
საქართველოს ზოგიერთ ნაწილში ფართედ იყო გავრცელებული ცოლის შერთვა მოტაცების გზით. ეს წესი მეტად პოპულარული იყო აფხაზეთში და სამეგრელოში.
სპეციალისტების აზრით, ქალის მოტაცების მიზეზები ქორწინებასთან დაკავშირებული მატერიალური დანახარჯების თავიდან აცილებაში უნდა ვეძებოთ. ხშირად მოტაცება ხდებოდა ახალგაზრდების შეთანხმებითაც, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ქალიშვილს საქმრო ჰყავდა და იწუნებდა. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ქალის მოტაცება გამოწვეული იყო ფეოდალურ საქართველოში გავრცელებული „პირველი ღამის“ წესით, რომლის მიხედვითაც პატარძალთან პირველი ღამის გატარების უფლება ბატონს ჰქონდა.
თუ გამტაცებლებს მდევარი გამოედევნებოდა, მაშინ ვაჟის ოჯახს მდევრისათვის სახლის კარებთან საკლავი უნდა დაეხვედრებინა შემოსარიგებლად. თუ ქალი წინააღმდეგი იყო, მაშინ მას სრული უფლება ჰქონდა უკან გაყოლოდა მდევარს. ამგვარად, მოტაცების შემთხვევაში ქალის აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა.
გარიგებით დანიშვნა მთელს საქართველოში ფართედ გავრცელებული წესი იყო. იგი დღემდე შემორჩა მოსახლეობის გარკვეულ ფენებში. გარიგებაში მთავარი მომქმედი გმირი იყო „მაჭანკალი“ ან მისი შემცვლელი ახლო ნათესავი. „მაჭანკალი“ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა მოტივებით მოქმედებდა. ზოგან ის უბრალოდ ახლო ნათესავი ან კეთილმოსურნე იყო და ამიტომ მისთვის გასამრჯელოს ან საჩუქრის შეთავაზება დიდ შეურაცყოფად ითვლებოდა. ზოგან იგი საჩუქარს იღებდა, ზოგან კი იგი გასამრჯელოსათვის ირჯებოდა. ამასთან, ამ შემთხვევაში გასამრჯელოს ოდენობა მზითვის ოდენობის პროპორციულად იზრდებოდა.
ნიშნობა წარმოადგენს საქორწინო მხარეების შეთანხმების დადასტურების გამომხატველ რიტუალს. ნიშნობის რიტუალითვის მნიშვნელოვანია ბეჭდის ან რაიმე სხვა სამკაულის გადაცემა.
ნიშნობის შემდეგ ოჯახები უკვე დანათესავებულად ითვლებოდნენ. დანიშვნის შემდეგ ქალი ფაქტიურად გათხოვილად ითვლებოდა და მისი თხოვა სხვა პირისაგან მიუღებელი იყო. საინტერესოა „კვეთილში ჩასმის“ რიტუალი. ეს რიტუალი მაშინ სრულდებოდა, როცა ქალი დაიწუნებდა თავის დანიშნულ საქმროს. ამ შემთხვევაში საქმრო ქალს „კვეთილში სვამდა“, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვაჟი რამდენიმე წლით უკრძალავდა ქალს გათხოვებას ან უსახელებდა იმ სოფლებს, სადაც მას გათხოვება არ შეეძლო.
საქართველოში ნიშნობიდან ქორწინებამდე, ჩვეულებრივ, ერთი წელი გადიოდა. თუმცა ეს პერიოდი შეიძლება უფრო გაგრძელებულიყო. ეს დამოკიდებული იყო ოჯახების მატერიალურ მდგომარეობაზე და დანიშნული წყვილის ასაკზე. ნიშნობიდან ქორწილამდე პეროიდში, ჩვეულებრივ, ქალ-ვაჟს ერთმანეთის ნახვის უფლება არ ჰქონდათ. დანიშნული ქალი მორიდებულად უნდა მოქცეულიყო, სახლიდან იშვიათად უნდა გასულიყო. მიუღებელი იყო, აგრეთვე, მისი სტუმრობა სხვა სოფლებში, განსაკუთრებით კი, საქმროს სოფელში. ზოგიერთ კუთხეში ამ პერიოდს „საპატარძლოს ტყვეობის“ პერიოდსაც უწოდებენ. საინტერსოა, რომ ტრადიციის მიხედვით, ერთ-ერთი დანიშნულის გარდაცვალების შემთხვევაში, მეორე მას ისე იგლოვებდა, როგორც ნამდვილი მეუღლე, თუმცა კი ერთმანეთი შეიძლება ნანახიც კი არ ჰყავდათ.
ქორწილი
საქართველოში, ისევე, როგორც მთელს სამხრეთ კავკასიაში ორ ეტაპად მიმდინარეობდა:
ქორწილი ქალის მამის სახლში და ქორწილი ვაჟის მამის სახლში. ამასთან, საქართველოშიც ქალის მამის სახლში გამართული ქორწილი უფრო მცირერიცხოვანი იყო. როგორც ვიცით, ეს რიტუალი დღემდე არსებობს სამხრეთ კავკასიაში. ქორწილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რიტუალი იყო ჯვრისწერა, რომელიც, ჩვეულებრივ, საპატარძლოს სოფელში არსებულ ეკლესიაში მიმდინარეობდა.
ქალის ცხოვრება ახალ ოჯახში მოიცავდა რიგ რიტუალებს, რომლებიც დაკავშირებული იყო როგორც რძლის ოჯახში მიღებასთან, ასევე ქალის მიერ ახალ ოჯახსა და თავისი მშობლების ოჯახს შორის ნათესავური კავშირების განმტკიცებასთან. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში არსებობდა ცოლ-ქმრის გაყრის სპეციალური წესიც. თუ მამაკაცი დაიწუნებდა ცოლს ანუ გაყრას გადაწყვეტდა, მაშინ მას ცოლისათვის „ნამაშვრალი“ უნდა გადაეხადა. „ნამაშვრალი“ იმდენი საქონლის მიცემას გულისხმობდა ცოლისთვის, რამდენი წელიც ქალი ცხოვრობდა და მუშაობდა ქმრის ოჯახში, პირველი და ბოლო წლების გამოკლებით.
წაწლობის ტრადიცია ფშავში
 
საქართველოში ქალის სტატუსის გასაანალიზებლად მეტად საინტერესოა სქესობრივი ურთიერთობების ფორმები, რომლებიც გავრცელებული იყო საქართველოს მთიან ნაწილში (ხევსურეთში და ფშავში). მხედველობაში გვაქვს ფშავური წაწლობისა და ხევსურული სწორფრობის ინსიტუტები. წაწლობა ფშაველთა შორის გავრცელებული სექსუალური ხასიათის ჩვეულებაა. წაწლობას ნადობ-ნაძმობასაც უწოდებდნენ ხოლმე. წაწლობა იწყება ფშაველი ქალ-ვაჟის სქესობრივი სიმწიფის პერიოდიდან (თოთხმეტი წლიდან).
რაც უფრო მეტი წაწალი ჰყავდა ყმაწვილ ქალსა თუ ვაჟს, მით უფრო პატივცემული იყო იგი. თუ ქალიშვილს ან ვაჟიშვილს არ ყავდა წაწლები, მაშინ ის ფშავში „უხეიროდ“ ითვლებოდა. მიღებული იყო, რომ ახალგაზრდა ისე უნდა მოქცეულიყო, რომ მიეზიდა წაწლები. წაწლობა ნიშნავს ნათესავ და უცხო ქალ-ვაჟს შორის სქესობრივი ურთიერთობების წეს-ჩვეულებას ფშავში. ეს ჩვეულება დაცულია ხატის სჯულითა და წესებით.
ქალ-ვაჟის სქესობრივი ურთიერთობები გარკვეული უფლებებითა და შეზღუდვებით ხასიათდება.
კერძოდ, წაწლობა დაშვებულია როგორც ნათესავთა, ასევე – უცხო პირთა შორის. მიუხედავად ამისა, ფშავში ნათესავთა შორის წაწლობას ერიდებიან. საქმეს ისაა, რომ წაწლობის წეს-ჩვეულების მიხედვით, სქესობრივი ურთიერთობები ქალ-ვაჟს შორის შეზღუდულია ხვევნა-კოცნით და წელს ზევით ალერსით. წაწლის ორსულობა დიდ სირცხვილად ითვლებოდა. წაწლების მხრიდან წესის დარღვევა მათი თემიდან განდევნით ისჯებოდა.
ეს წესი განსაკუთრებით მკაცრად მოქმედებდა ნათესავ წაწალთა შორის, რომლებიც სისხლის აღრევის გამო არა თუ თემიდან განდევნით, არამედ სიკვდილითაც შეეძლოთ დაესაჯათ. ამდენად, როგორც ვხედავთ, ნათესავთა შორის დასაშვებია წაწლობა, მაგრამ ქორწინება მიუღებელია. ერთი თემის წაწლებს ხატისგან აკრძალური ჰქონდათ შეუღლება, შესაძლებელი იყო სხვადასხვა თემის წაწლების შეუღლება.
წაწლობა, ცხადია, ურთიერთმოწონებაზე და ლტოლვაზე იყო დაფუძნებული. ქალიშვილი და ვაჟიშვილი ურთიერთმოწონების შემთხვევაში ერთმანეთს ნადობ-ნაძმობას უცხადებდნენ და ამის შემდეგ მიმართავდნენ წაწლობის წესის შესრულებას ანუ ერთად წოლას.
ფშავში მიღებულია, რომ დანიშნულ ადგილას ქალიშვილთან ვაჟი მივიდეს. ეს ადგილი თავდაპირველად სახლიდან მოშორებით მდებარეობს (ტყეში ნაბდის ქვეშ, საბძელში, ბოსელში და ა.შ.). გარკვეული სიახლოვის დამყარების შემდეგ ვაჟი მიდის ქალიშვილის სახლში ისე, რომ მისმა მშობლებმა არ გაიგონ. თუ მშობლები მაინც შეამჩნევენ თავიანთი ქალიშვილის წაწალის სტუმრობას, წესისამებრ ისე მოიქცევიან, რომ ვითომ არაფერი გაუგიათ.
წაწლობა, ჩვეულებრივ, ღამე მიმდინარეობს და მამლის ყივილამდე გრძელდება.
ფშავში გავრცელებულია მრავალწაწლიანობა. შესაძლებელია ხუთი ან ათი წაწლის ყოლა. ეთნოგრაფიული მასალებიდან ცნობილია ოცი წაწლის ყოლის შემთხვევებიც. ეს, ცხადია, წარმოშობს ნაძმობთა (წაწალი ვაჟი) შორის ქიშპობის შემთხვევებს. მტრობისა და კონფლიქტების თავიდან აცილება და დარეგულირება ქალის საქმეა. მან ისე უნდა მოაწყოს შეხვედრა, რომ მისი სხვა წაწალი ამას არ შეესწროს (მაგალითად, ქალი მხოლოდ ერთ წაწალს უშვებს სახლში ანუ მხოლოდ მაშინ უღებს კარებს ვაჟს, წინასწარ სეტანხმებული სპეციალური ნიშნის, სტვენის ან კაკუნის შემდეგ, თუ იგი სხვა წაწალთან დაკავებული არ არის).
ფშაველი ქალის გათხოვებას სრულიად არ უშლიდა ხელს წაწლობა. პირიქით, წაწლობა ხელს უწყობდა გათხოვწებას. საქმე ისაა, რომ ფშაველთა შეხედულებით, რაც უფრო მეტი წაწალი ჰყავს ქალიშვილს, მით უფრო ღირსეულ და პატივცემულ ქალად ითვლება იგი. მიღებული იყო, რომ როდესაც ნადობი (წაწალი ქალი) თხოვდებოდა, მას მაყრებად თან მიჰყვებოდნენ ნაძმობნი (წაწლები).
ამასთან ნადობის (წაწალი ქალის) ქორწილის დროს ნაძმობების (წაწალი მამაკაცების) მაყარში წაყოლა და მათი სიმრავლე ქალისათვის საამაყოდ ითვლებოდა. გარდა ტრფობა-ალერსისა, წაწლობის ინსტიტუტი მოიცავდა წყვილის მიერ ერთმანეთისთვის საჩუქრების გაკეთების წეს-ჩვეულებასაც: ასე მაგალითად, ქალი უქსოვდა ვაჟს ჭრელ წინდებს, უკერავდა სათამბაქოეს, ხოლო ვაჟი ჩუქნიდა ქალს კალათას წინდებისთვის, თითის ტარებს და ხელსაქმის სხვა ინსტრუმენტებს.
ხშირად წაწლობა წყვილს შორის მათი გათხოვება/ცოლის შერთვის შემდეგაც გრძელდებოდა. ზოგი ქმარი ქალს გათხოვების შემდეგ წაწლობის უფლებას არ აძლევდა. ამიტომ ქალი ხშირად ეყრებოდა ანუ გაურბოდა ქმარს. ფშავური ოჯახის კეთილდღეობა ქალზე იყო დამყარებული. მამაკაცი, ჩვეულებრივ, არ მუშაობდა და ოჯახურ მეურნეობას მთლიანად ქალი უძღვებოდა. ქალი მკიდა და თიბავდა ყანას, მწყემსავდა ძროხებს, ამზადებდა რძის ნაწარმს. გარდა ამისა, ქალი უვლიდა ოჯახს, ქსოვდა და კერავდა ტანსაცმელს.
ამგვარად, ქალზე იყო დამოკიდებული ოჯახის ეკონომიკური სიძლიერე. აქედან გამომდინარე, ქალის ოჯახიდან წასვლა არ იყო სასურველი. უფრო მეტიც, ეს შესაძლებელია ოჯახის სრული განადგურებითაც დასრულებულიყო. ამიტომ მამაკაცი იძულებული იყო შეგუებოდა ქალის წაწლობას. გარდა ამისა, ცოლის გაქცევა ფშავში დიდ სირცხვილად ითვლებოდა. ასეთ კაცზე გათხოვება ქალებს აღარ უნდოდათ. ამ გარემოებების გათვალისწინებით ქმარი, ჩვეულებრივ, ეგუებოდა ქალის წაწლობას. რა თქმა უნდა, იგი თვითონაც წაწლობდა.
სწორფერობა ხევსურეთში
ხევსურეთში გავრცელებული იყო ქალ-ვაჟთა სქესობრივი ურთიერთობების მსგავსი წესი, რომელიც სწორფრობის სახელწოდებითაა ცნობილი. ხევსურეთის სწორფრობა ურთიერთობათა ძირითადი პრინციპით ფშავური წაწლობის მსგავსია. სწორფრობის რიტუალშიც აკრძალულია ქალ-ვაჟის ურთიერთობაში დაწესებული ზღვრის გადალახვა.
თუმცა კი არსებობს რიგი განსხვავებებისა მათ შორის: ფშავში ქალთან ვაჟი მიდის, ხევსურეთში კი, პირიქით, ქალი მიდის ვაჟთან. გარდა ამისა, ხევსურეთში ძმობილი თავის სწორფერ ქალს სტუმარს უწვენს პატივისცემის ნიშნად. როგორც სწორფრობის, ასევე წაწლობის წეს-ჩვეულების გენეზისი და ფუნქციები დღემდე არ არის საბოლოოდ გარკვეული.

წიგნიდან: მზია წერეთელი – ”გენდერი: კულტურული და სოციალური კონსტრუქტი

Комментариев нет:

Отправить комментарий

ამაზონი ფასდაკლებებით

  ❖  გვერდზე , რომლის მისამართს ქვემოთ ხედავთ, დევს ამაზონის ქართულენოვანი სარჩევი ❖  აღნიშნული გვერდის   გამოძახებისას, გადახვალთ ამაზონის ...