пятница, 21 августа 2020 г.

ქორწილი თბილისში

ქორწილი თბილისში

ქორწილი თბილისში — ქართული ხალხური ქორწილის ნაირსახეობა, რომლის თავისებურებები ჩამოყალიბდა რთული სოციალური აგებულების მქონე (მუშები, ხელოსნები, ვაჭრები, მოსამსახურეები, თავადაზნაურები, სოფელს ნახევრად მოწყვეტილი გლეხობა) და ეთნიკურად ჭრელი მოსახლეობის (ებრაელები, რუსები, ოსები, სომხები, აზერბაიჯანელები, ბერძნები და სხვა) თანაცხოვრების პირობებში.

მიუხედავად იმისა, საქორწინო ინსტიტუტის ქარგა მთლიანად ქართულია და ისტორიული სიღრმეებიდან მომდინარეობს. თბილისური ქორწილის მრავალფეროვანი რიტუალებიდან განსაკუთრებული ორიგინალურობით გამოირჩეოდა საქორწინო წყვილთა შერჩევის პერიოდი, რაშიც წამყვან როლს ასრულებდნენ პროფესიონალი მაჭანკლები. ისინი ქალს „სინჯავდნენ“ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა აბანოები, სადაც ისინი მოლაპარაკებას აწარმოებდნენ ნიშანზე, მზითევზე, საქორწინო ხარჯზე, მის ანაზღაურებაზე (მაჭანკლის გასამრჯელოზე) და ა. შ. თავადაზნაურთა და დიდვაჭართა წრეში „მზითვის წიგნი“, ქალის პირადი ნივთებისა და საოჯახო მოხმარების საგნებთან ერთად, ფულად გამოსაღებსაც შეიცავდა. მზითევი ქალის საკუთრება და ქონებრივ-უფლებრივი მდგომარეობის მაჩვენებელი იყო. დაბალი ფენის მოქალაქეებში (წვრილი ხელოსნები, ამქრის მუშები და სხვა) საქორწინო გარიგება მთავრდებოდა უმზითვოდ – მცირეოდენი ნიშნის მიტანითა და მოლაპარაკებით. სოციალურ-წოდებრივი მდგომარეობა არსებით როლს ასრულებდა საქორწინო ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. საქმროს ოჯახში მზითევს ქორწილის წინა დღეს აგზავნიდნენ ეს იყო დიდი თეატრალიზებული სანახაობა, რასაც მთელი უბანი ესწრებოდა. სანახაობრივად ასევე გამოირჩეოდა ჯვრისწერაც, რომელიც საქორწინო გვირგვინების დადგმითა და ბეჭდების გაცვლით მთავრდებოდა. გვირგვინით კურთხევა სიმბოლურად წყვილთან შეუღლებაში ზეციურ-ღვთაებრივი ძალების მონაწილეობას გამოხატავდა. ამიერიდან ნეფე-პატარძალი მეუფე (მეფე) და დედუფალი (დედოფალი) ხდებოდა. ნაყოფიერების მომნიჭებელი და ავი თვალისაგან დაცვის მაგიურ-რელიგიური ნიშნით აღბეჭდილი ძველი ქართული რიტუალებიდან თბილისურ ქორწილს გვიანობამდე შემორჩა ჯვარდაწერილთა გადაჯვარედინებული ხმლების ქვეშ გატარების, ოჯახის ზღურბლზე თიხის ჯამის (ან თეფშის) გატეხის, ტკბილი სუფრის გაშლისა და პატარძლის კალთაში ბავშვის ჩაგორების ჩვეულება.

თბილისური ქორწილის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო საქორწილო სუფრა, ლხინი. შეძლებულ ოჯახებში იგი სამ დღეს (ან უფრო მეტ ხანს) გრძელდებოდა, დაქირავებული მუსიკით, მოშაირე მოხოტბეებით, მუხამბაზებით, ზურნა-დუდუკით, შაბაშითა და მაყრიონით. სხვადასხვა სოციალური ფენას შორის გამოირჩეოდა ხელოსანთა ამქრები, რომლებიც ყარაჩოხელი აშუღების თანხლებით, წითელი ბაფთით მორთული ყოჩით, ზურნა-დუდუკით, არღნით, თავიანთი დროშებითა და ნაირფერად მორთული ფაეტონებით ძველი თბილისის კოლორიტულ სახეს ქმნიდნენ.

მეტად მრავალფეროვანი და მდიდრული იყო თავად სუფრაც. ტრადიციულად, ქართული სამზარეულოს გვერდით თანდათან გზას იკაფავდა ევროპისა და კავკასიის სამზარეულოს კერძები. ღვინის სმის წესი, სასმისები, სადღეგრძელოების რიგი და თანმიმდევრობა კი-ნაკლებად იცვლებოდა. ნეფე-პატარძლის გარდა, სუფრის მთავარი პერსონაჟი იყო თამადა. ის ოჯახის ახლობელი, სასიამოვნო მოსაუბრე და კარგი მსმენელი, სუფრის ტრადიციების მცოდნე და მომლხენი, გამოცდილი და ავტორიტეტული პირი უნდა ყოფილიყო. ქალაქური ქორწილის სუფრის თამადა ტრადიციულად ქართული სუფრის თამადის პურის ფულის წინამძღოლის განვითარების სახეა, მთელი თავისი ეროვნული ხასიათითა და მენტალიტეტით.

საქორწილო ლხინის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იყო პატარძლის ცეკვა. პატარძალს „შაბაშის“ ფულით ასაჩუქრებდნენ (ის ვინც პატარძალთან იცეკვებდა, მისთვის ცალკე ჯილდო იყო განკუთვნილი). ქორწინების ზოგიერთი წეს-ჩვეულება თბილისში დღემდე არის შემორჩენილი.

Комментариев нет:

Отправить комментарий

ამაზონი ფასდაკლებებით

  ❖  გვერდზე , რომლის მისამართს ქვემოთ ხედავთ, დევს ამაზონის ქართულენოვანი სარჩევი ❖  აღნიშნული გვერდის   გამოძახებისას, გადახვალთ ამაზონის ...